English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ქეთევან ქველაძე ნუნუ ქისტაური მედეა მელაშვილი
მომსახურების სფეროს თანამედროვე ასპექტები და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში

რეზიუმე

მსოფლიოს ეკონომიკის განვითარების ეტაპზე ერთ-ერთ ძირითად ტენდენციას წარმოადგენს მომსახურების სფეროს სწრაფი ტემპებით ზრდა.

საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში უცხოური ინვესტიციების 40%-ზე მეტი ხმარდება მომსახურების სფეროს განვითარებას, რაც არა მხოლოდ ამ სექტორის აქტუალობაზე, არამედ მისი შემდგომი განვითარების უზარმაზარ პერსპექტივებზეც მიუთითებს. მომსახურების სფეროს როლის ამგვარმა კარდინალურმა ცვლილებამ გააჩინა საფუძველი იმისათვის, რომ ვისაუბროთ პოსტინდუსტრიული “სერვისული” საზოგადოების ჩამოყალიბების შესახებ, ხოლო თანამედროვე ეკონომიკა მოვიხსენიოთ, როგორც “მომსახურების ეკონომიკა”. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს მომსახურების დარგების განვითარების თანამედროვე ასპექტების გამოკვლევა და საქართველოში მათი განვითარების პერსპექტივების სრულყოფის გზების დასახვა.

საკვანძოსიტყვები: მომსახურება, მომსახურების სახეები, მომსახურების სფერო, საქმიანი მომსახურება, ინტერნეტ მომსახურება, ტურისტული მომსახურება, მომსახურების ეკონომიკა.

შესავალი

XX საუკუნის მეორე ნახევარი ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი მოვლენითა და ტენდენციით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. სპეციალისტების აზრით, ჩვენი დროის ერთ-ერთ ძირითად ტენდენციას წარმოადგენს მომსახურების სფეროს სწრაფი ტემპით განვითარება.

მართალია მომსახურების სფეროს მნიშვნელობის ზრდის ტენდენცია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გამოიკვეთა, მაგრამ ამის პროგნოზი შედარებით ადრე, ჯერ კიდევ XVIII-IX ს.ს. იქნა გაკეთებული ისეთი დიდი მეცნიერების შრომებში, როგორიცაა: ა. სმიტი, კ. მარქსი, ჟ-ბ სეი, ა. მარშალი, ფ. ბასტია და სხვ. მოგვიანებით ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი გადახრის კონცეფცია სერვისული სექტორის პრიორიტეტულობისაკენ დამუშავებულია ა. ფიშერის, კ. კლარკის, ვ. როსტოუს, კ. ბელის კვლევებში.

საზოგადოების ევოლუციასთან, მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესთან, ფიზიკური შრომის მაქსიმალურ მექანიზაციასა და ავტომატიზაციასთან ერთად მომსახურების სფერო უფრო და უფრო ძლიერდება და ხდება ეკონომიკის წამყვანი პრიორიტეტული სექტორი. ამაზე მეტყველებენ ის ციფრებიც, რომლებიც ასახავენ თუ რა წილს იკავებს მომსახურების სფერო განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში, განვითარებული ქვეყნების მშპ-ში მომსახურების სექტორის ხვედრითი წილი საშუალოდ შეადგენდა: 1950 წელს – 30.4%-ს, 1960 წელს – 37.2%-ს, 1973 წელს – 41,9%-ს, 2008 წელს – 63%-ს, 2014 წელს – 65%-ს აღემატებოდა, ხოლო 2015 წელს კი 73%-ს შეადგენდა, (განვითარებადი ქვეყნებისათვის ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია და დღეისათვის საშუალოდ 47%-ს შეადგენს) [6]. საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში უცხოური ინვესტიციების 40%-ზე მეტი ინერგება მომსახურების სფეროს განვითარებაში, რაც არა მხოლოდ ამ სექტორის აქტუალობაზე მიუთითებს, არამედ მისი შემდგომი განვითარების უზარმაზარ პერსპექტივებზეც.

მომსახურების სფეროს გააჩნია სპეციფიკური თავისებურებები, რაც მას არსებითად განასხვავებს მატერიალური წარმოების სფეროსაგან. რომელიც მდგომარეობს შემდგომში:

     - მატერიალური წარმოების ციკლური მერყეობა ნაკლებად აისახება მომსახურების სფეროზე;

     - კრიზისისა და დეპრესიის პერიოდში მოთხოვნა მომსახურებაზე არათუ მცირდება, არამედ შეიძლება გაიზარდოს კიდეც;

-Mმომსახურება იწარმოება და მოიხმარება ერთდროულად, მისი შენახვა შეუძლებელია; მომსახურება არ საჭიროებს საბაჟოს გავლას;

- მომსახურება ხშირად იმდენადაა გადაჯაჭვული სასაქონლო წარმოებასთან, რომ მათი განცალკევება ზოგჯერ ძნელია. მაგალითად, მოწყობილობის რემონტი. შეიძლება ითქვას, რომ მომსახურებაში საქონელია განივთებული, ასევე საქონლის გაყიდვის აქტში, რა თქმა უნდა, ადგილი აქვს მომსახურებას;

- მომსახურების სფერო, როგორც წესი, მეტადაა დაცული სახელმწიფოს მიერ უცხოური კონკურენციის ზეგავლენისაგან, ვიდრე მატერიალური წარმოება. უფრო მეტიც, მრავალ ქვეყანაში ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მეცნიერება, განათლება, ჯანდაცვა, კომუნალური მომსახურება ტრადიციულად სახელმწიფოს სრულ ან ნაწილობრივ საკუთრებას წარმოადგენს.

სახელმწიფო უნდა წარმართავდეს და აკონტროლებდეს ამ სფეროს განვითარებას, რადგანაც შიდა ბაზრის რეგულირების ღონისძიებათა საფუძველში ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტერესები ძევს: ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმება, ეროვნული თავდაცვის ინტერესები, შიდა კაპიტალდაბანდებათა ზრდის სტიმულირება, მეცნიერების განვითარება, ეროვნული კულტურული სიმდიდრის შენარჩუნება და ა.შ. ისინი სახელმწიფოს მიერ მიმართული უნდა იქნენ მომსახურების სტანდარტების შემუშავებისა და ხელშეწყობისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებში, როგორიცაა: მედიცინა, განათლება, მეცნიერება; უნდა ემსახურებოდეს შიდა ბაზრის დაცვის საქმეს უცხოური კონკურენტებისაგან და ასტიმულირებდნენ მომსახურებათა ექსპორტს.

დღეისათვის, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მომსახურების სფეროში მიღებული შემოსავლების წილი მსოფლიო მშპ-ის სტრუქტურაში 68%-ს შეადგენს, ხოლო განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი თავმოყრილია მომსახურების სფეროში. მაგალითად, 1980 წელს აშშ-ის სოფლის მეურნეობაში დასაქმებული იყო მომუშავეთა 3%, მრეწველობაში – 33%, მომსახურების სფეროში კი – 64%. 1999 წელს აშშ-ის ეკონომიკის მომსახურების სფეროში დასაქმებულთა რიცხვმა დასაქმებულთა მთელი რაოდენობის 78.8% შეადგინა. დღეისათვის კი იგი 85%-ზე მეტია. ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მხრივ მოწინავე პოზიციებზე არიან: ლუქსემბურგი (77%), ნიდერლანდები (77%), ავსტრალია (75%), დიდი ბრიტანეთი (75%), კანადა (75%), ნორვეგია (74%), ბელგია (73%), დანია (73%) და სხვ. მომსახურების სფეროში ტექნიკური პროგრესის შედეგად იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ამით მცირდება უმუშევრობის დონე. განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები მომსახურების სფეროში იქმნება დროებით უმუშევართა გამოყენების მხრივ ნაწილობრივი დასაქმების სახით. Mმომსახურების სექტორის   სწრაფი განვითარების ტენდენციას განაპირობებს ფაქტორების მთელი კომპლექსი: მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ტემპების დაჩქარება, მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრი ამაღლება, მოთხოვნილებათა საგრძნობი დივერსიფიკაცია და ა.შ. ამასთან, თუ ადრე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა ემყარებოდა წარმოებაში რაც შეიძლება მეტი შრომითი, ფულადი, ენერგეტიკული, სანედლეულო რესურსების ჩაბმას, ახლა ეკონომიკური ზრდის წამყვანი ფაქტორი გახდა წარმოებაში ინოვაციათა, მეცნიერულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური პროგრესის უახლეს მიღწევათა ფართო დანერგვა. Mმასალატევადი დარგების ადგილს სწრაფად იკავებს მეცნიერებატევადი დარგები. Aამან თავის მხრივ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა თვით მომსახურების მიმართ – აუცილებელი გახდა სპეციალიზებული სერვისული ფირმების ჩამოყალიბება, რომელთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ეყრდნობა მეცნიერებისა და ტექნიკის უახლეს მიღწევებს, მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიებს. ბოლო წლების მონაცემებით, მოწინავე ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტში სამეცნიერო კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე (სკსსს) ხარჯების წილი მაგ., იაპონიაში შეადგენს – 2.9%-ს; აშშ-ში – 2.8%-ს; გერმანიაში - 2.7%-ს; საფრანგეთში – 2.4%-ს. თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, განვითარებული ქვეყნების პოზიციები სწორედ აღნიშნული მონაცემების სიდიდით განისაზღვრება და მისი ცვლილებების შესაბამისად იცვლება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომსახურების როლის უსწრაფესი ტემპით ზრდამ გამოიწვია თვით მომსახურების კლასიფიკაციის აუცილებლობა. პირველი მცდელობები ამ პრობლემის გადასაჭრელად გაკეთებული აქვთ ამერიკელ მეცნიერებს სტენტონს და ჯადს 1964წ.. თუმცა, სფეროს მეტისმეტად დიდი სირთულის გამო, პრობლემა დღესაც აქტუალურია. მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის მიხედვით მომსახურების კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:

1. საქმიანი მომსახურება; 2. კავშირგაბმულობა; 3. მშენებლობა; 4. დისტრიბუცია; 5. განათლება; 6. ფინანსური; 7. ჯანდაცვა და სოციალური; 8. ტურიზმი; 9. ტრანსპორტი; 10. ეკოლოგია. გაეროს კლასიფიკატორის მიხედვით ამათ ემატება კულტურა და სპორტი.

ზოგიერთი ავტორი ცალკე გამოყოფს სასტუმროებისა და რესტორნების, სერვისულ და სარემონტო,  ინფრასტრუქტურულ და სახელმწიფო მართვის მომსახურებებს, გართობას, იჯარასა და უძრავი ქონების ოპერაციებს. ბევრი ავტორი განსაკუთრებულ როლს აკუთვნებს საინფორმაციო და კომპიუტერულ მომსახურებას.

თუ გადავხედავთ განვითარებულ ქვეყნებში ჩვენთვის საინტერესო სფეროს ბოლო წლების დინამიკას, კარგად ჩანს მკაცრად გამოხატული დარგობრივი განსხვავება. განვითარების მიხედვით ლიდერობს საქმიან მომსახურებათა კომპლექსი. მომსახურებათა ექსპორტში მისი წილი ბოლო ათწლეულში გაიზარდა 28-დან 44%-მდე. ესაა მარკეტინგისა და რეკლამის სერვისები; სალიზინგო ოპერაციები; საბუღალტრო და აუდიტორული ოპერაციები; სამეცნიერო-კვლევითი ფირმები, შენობათა დაცვისა და მომსახურების სამსახური; საინჟინრო-სამშენებლო და არქიტექტორული სამსახური და სხვ. აშშ-ში საქმიან მომსახურებათა დარგში დასაქმებულია 11 მლნ ადამიანი, იაპონიაში _ 3 მლნ-ზე მეტი, დიდ ბრიტანეთში _ 1.5 მლნ, გერმანიაში _ 1.4 მლნ, საფრანგეთში კი _ 0.6 მლნ-ზე მეტი ადამიანი.  

ამ მიმართულებით დღეისთვის აშშ-ში მოქმედებს 6 ათასამდე ეროვნული დონის ასოციაცია 23 ათასი წევრი ორგანიზაციით. ხოლო რეგიონულ, შტატებისა და ადგილობრივ დონეზე მათი რაოდენობა 100 აჭარბებს. ისინი თავიანთ ღონისძიებებზე ყოველწლიურად 60 მილიარდ დოლარს ხარჯავენ, აწყობენ 315 ათას შეხვედრასა და ყრილობას, რომლებშიც საშუალოდ 32 მილიონი ადამიანი მონაწილეობს [21].

საზოგადოდ, პროფესიული და სავაჭრო ასოციაციები იკავებენ მთელი საკონვენციო ბაზრის 70%-ს, რომელიც ყოველწლიურად 75 მილიარდ დოლარად ფასდება. მსოფლიოში ამ მიმართულების სეგმენტმა განვითარება ჰპოვა ისეთ ტურისტულ მიმართულებაში როგორიცაა - MICE ტურიზმი ((შეხვედრები, წამახალისებელი ტურები, კონფერენციები და გამოფენები (Meetings, Incentives, Conferences, Events)). მსოფლიოში ის ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიან, მზარდ სახეობად ითვლება და სტატისტიკურად დადგენილია, რომ MICE ტურიზმზე დახარჯული ყოველი 1 აშშ დოლარი 7-10 აშშ დოლარის ეკონომიკურ სარგებელს იძლევა. საქართველოში MICE ტურიზმი ტურიზმის ახალი მიმართულებაა. ამ სეგმენტზე დღეისათვის ჩამოსული ტურისტების 35 % მოდის. თუმცა აქტიური კამპანიის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია ამ ციფრის დაახლოებით 5 %-¬ით ზრდაც. მრავალი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, MICE ტურიზმს ახლი რეგიონების გასანვითარებლადაც იყენებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით 2011 წლიდან MICE ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულმა პროექტებმა, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის გაუმჯობესებამ, ბევრი ბრენდული სასტუმროს გახსნამ ხელი შეუწყო MICE ტურიზმის სწრაფ განვითარებას. გაწეული სამუშაოების შედეგად 2015 წელს საქართველომ 3 მაშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა: მაგ. იბიარდი, უეფას თასი და ახალგაზრდული ოლიმპიადა [21].

არანაკლებ  სწრაფი ტემპებით ვითარდება ინფორმაციული მომსახურება, რაც  აყალიბებს ახალი ეკონომიკის საბაზისო სახეს და განსაზღვრავს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე. ეკონომიკის სფეროს კომპიუტერიზაცია და ინფორმატიზაცია თანამედროვე მსოფლიო ინფრასტრუქტურაში განუხრელად იკავებს წამყვან ადგილს და ამით ამტკიცებს ცნობილ გამოთქმას: “ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს მსოფლიოს”. კონკურენტული ბრძოლის გამწვავებამ, სწორი და მომგებიანი საბაზრო სტრატეგიის შემუშავებამ გამოიწვია ფართო საინფორმაციო ქსელის არსებობის აუცილებლობა. გარდა ამისა, ინფორმაციაზე მოთხოვნილება გაიზარდა კომპანიების მართვის სტრუქტურის გართულების გამოც. კომპანიებს უწყვეტად სჭირდებათ უახლესი ინფორმაცია იმისთვის, რომ მიიღონ არგუმენტირებული გადაწყვეტილებები, დასახონ პროგნოზები. ასე რომ, მოთხოვნილება საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, ბოლო წლებში მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს მსოფლიო ვაჭრობის და საერთოდ ეკონომიკის განვითარების დინამიკასა და სტრუქტურაზე. რა თქმა უნდა, უდიდესი ნახტომი იყო ტრანსეროვნული ქსელის – ინტერნეტის შექმნა გასული საუკუნის 90-იან წლებში, რამაც მაშინვე მიიღო სათანადო აღიარება საქმიან სფეროში. ინტერნეტის გარეშე არ იქნებოდა მეგაეკონომიკა, მაგრამ სწორედ მსოფლიო ეკონომიკის მეგაეკონომიკაში ობიექტურად განპირობებულმა გადასვლის პროცესმა განაპირობა ინტერნეტის სიცოცხლისუნარიანობა. ამჟამად, როგორც ამბობენ, ხაზზეა სამ მილიონზე მეტი ადამიანი და მათი რიცხვი აქტიურად იზრდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 2014 წელს ინტერნეტის მოხმარება წინა პერიოდებთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა (3.3% განვითარებულ ქვეყნებში, 8.7% - განვითარებადში). ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი განვითარებად ქვეყნებში გაორმაგდა ხუთი წლის განმავლობაში (2009-2014) და ამჟამად ინტერნეტით მოსარგებლე ადამიანების ორი მესამედი განვითარებად სამყაროში ცხოვრობს.

ინტერნეტ მომსახურებისათვის გამოყენებული ტექნოლოგიური პლატფორმა დღეს საქართველოში კვლავ მზარდ ტექნოლოგიად მიიჩნევა. ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი რეგიონული ლიდერია ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოში კვლავ არ არის აღმოფხვრილი ე.წ. “ციფრული დაშორება,” ანუ ინტერნეტის თანაბარი ხელმისაწვდომობა ქალაქებსა და რეგიონებში. საგულისხმოა, რომ გაეროს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგების სპეციალიზებული სააგენტოს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) გამოთვლებით, ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვის არის ხელმისაწვდომი. მართალია, საქართველოში ინტერნეტ სერვისების 130-ზე მეტი მიმწოდებელია დარეგისტრირებული, მაგრამ ინტერნეტ ბაზარზე დომინანტი პოზიცია ორ ოპერატორს უკავია. ინტერნეტის გავრცელების სიმკვრივე კვლავაც იზრდება, თუმცა არსებობს ისეთი დაბრკოლებები, როგორიცაა მაღალი ფასები, მომსახურების დაბალი ხარისხი, შეუფერებელი ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში.

მსოფლიო ბაზარზე მომსახურების კიდევ ერთი სპეციფიკური სახეობაა:  რეკლამა. მისი როლის შესახებ უკვე აღარავინ კამათობს. ადრე თუ იგი ვაჭრობის დანამატი იყო, დღეს იგი დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა და რაც მთავარია მეტად მომგებიან ბიზნესად გადაიქცა.

დღეისათვის უკვე არსებობს შეუზღუდავი პოტენციალი ყველა სახის რეკლამის საწარმოებლად. თუმცა, როგორც სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. რეკლამირების სხვადასხვა საშუალებებს შორის ინტერნეტ რეკლამა განვითარების ყველაზე მზარდი ტემპებით გამოირჩევა.

ამერიკული მედია-კვლევითი ორგანიზაცია MMagna Global-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს მსოფლიოში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები მკვეთრად გაიზრდება და იგი გლობალური სარეკლამო ბაზრის მთლიანი შემოსავლების 30% შეადგენს, ხოლო 2017 წლისათვის სავარაუდოდ, ინტერნეტ რეკლამა სატელევიზიო რეკლამას გაუსწრებს.

სარეკლამო კომპანიები ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების ზრდას ვარაუდობენ საქართველოშიც. სარეკლამო კომპანია Advertine-ის ინფორმაციით, საქართველოში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება, მაგ. მან 2009-2014 წლებში 64 % შეადგინა.

ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ადრე კომპანიები სარეკლამო ბიუჯეტის ძირითად ნაწილს ტელევიზიისკენ მიმართავდნენ, ბოლო პერიოდში როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო კომპანიები ამცირებენ სატელევიზიო სარეკლამო ბიუჯეტს და მას ინტერნეტ რეკლამის სასარგებლოდ ზრდიან.  ამასთან, რეკლამის დამკვეთთა არჩევანზე გარკვეულ გავლენას ახდენს ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ სხვა სფეროებისგან განსხვავებით, ინტერნეტი საშუალებას იძლევა, დამატებითი დანახარჯებისა და კვლევების გარეშე გვქონდეს ზუსტი სტატისტიკა, იმაზე თუ რამდენი დამთვალიერებელი ჰყავს ამა თუ იმ საიტს და შესაბამისად, იქ განთავსებულ რეკლამას.

ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით ინტერნეტ რეკლამას, საერთაშორისო სარეკლამო ბაზრის ინფორმაციით, საქართველოში გასული წლის განმავლობაში ინტერნეტ რეკლამის ბაზარზე მნიშვნელოვნად გააქტიურდა ფარმაცევტული სექტორი. ამავე დროულად, წინა წლების მსგავსად, კვლავაც აქტიური რჩება საბანკო სექტორი, სათამაშო ბიზნესი და სამშენებლო სექტორი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამშენებლო კომპანიები სულ უფრო მასშტაბურ ინტერნეტ კამპანიას მიმართავენ. ასევე აღნიშნავენ, რომ მართალია ინტერნეტ რეკლამის ქართული ბაზარი ევროპულ და ამერიკულ ბაზარებს ჩამორჩება, თუმცა რეგიონის თვალსაზრისით საკმაოდ კარგ პოზიციაზე იმყოფება.

მეტად მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებს კავშირგაბმულობა და ტელეკომუნიკაციები. Aამ მხრივ ყველაზე წარმატებულ ქვეყანათა ათეულში შედიან: სინგაპური, ახალი ზელანდია, ფინეთი, დანია, აშშ, ჰონკონგი, შვეცია, თურქეთი, ნორვეგია და კანადა.. საქართველოში მაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული სფეროა. 2000-2014 წლებში ამ დარგის მომსახურებების სახეების ზრდასთან ერთად, შემოსავლები თითქმის 10-ჯერ გაიზარდა (2000 წელს 120 მლნ იყო, 2014 წელს  კი _ 1 მილიარდ 174 მილიონი). საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საინფორმაციო სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ 2014 წელს კომუნიკაციების სფეროდან სხვადასხვა გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანმა 301 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურებაზე ავტორიზებული პირების ერთობლივმა შემოსავალმა 1,073 მლნ ლარი შეადგინა, მაუწყებლების ერთობლივმა შემოსავალმა კი 101 მლნ ლარი, რამაც წინა წლის მაჩვენებელს შესაბამისად 1,3%-ით და  21.2%-ით გადააჭარბა [10,11].

სწრაფად განვითარებად დარგებს შორის გამოირჩევა მოსახლეობის თავისუფალი დროის, მისი კულტურული და სოციალური მოთხოვნილების მომსახურება. ამჟამად ამ სექტორის განსაკუთრებულ დარგს წარმოადგენს ე.წ. “შთაბეჭდილებათა” ინდუსტრია – კინო, თეატრი, სპორტი და ა.შ. იგი დღეისათვის უზარმაზარ როლს ასრულებს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში. სწორედ შთაბეჭდილებებში, გრძნობებსა და განცდებში იხდიან ადამიანები უზარმაზარ ფულს. გამწვავებული საბაზრო კონკურენციის პირობებში საკმარისი აღარაა გამარჯვებისათვის ძველი მეთოდების გამოყენება. ამიტომ მყიდველთა მოსაზიდად შთაბეჭდილებები გამოიყენება, ანუ ე.წ. “დაუვიწყარი შთაბეჭდილებების” შეთავაზება. ამ დროს ადამიანები უზარმაზარ თანხებს ემოციებისა და შთაბეჭდილებების ყიდვაზე ხარჯავენ.

 მსოფლიოში მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ტურისტული მომსახურების სფერო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია მომსახურების სახეობებს შორის. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემებით, 2014 წელს ამ დარგის პირდაპირი შენატანი მთლიან მშპ-ში 2.4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა (მშპ-ს 2.9%) და ხელი შეუწყო 105 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას. მისი პირდაპირი და გვერდითი ეფექტების მხედველობაში მიღების შემდეგ, აღნიშნული სექტორის წვლილი ეკონომიკის განვითარებაში მსოფლიოს მშპ-ის 9.8%-ია, 4.3%-ია მთლიან განხორციელებულ ინვესტიციებში და 5,7% კი მსოფლიოს მთლიან ექსპორტში, ყოველი 11 სამუშაო ადგილიდან ერთი ადგილი ტურიზმის სექტორში იქმნება. [14].

მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მონაცემებით, მსოფლიოში არის 15 ქვეყანა, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ტურისტულ მომსახურებაზე, სადაც ტურიზმიდან შემოსავლები სჭარბობს შემოსავლებს ექსპორტიდან და ხშირ შემთხვევაში – მრავალჯერ. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან კუნძულოვანი სახელმწიფოები ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში – ბარბადოსი, სეიშელის კუნძულები და სხვა. მსოფლიოს 45 ქვეყანაში ტურიზმიდან შემოსავლები ექსპორტის მოცულობის ¼1/4-ზე მეტია (ძირითადად სუსტად განვითარებული ეკონომიკის მქონე განვითარებად ქვეყნებში). ქვეყნების 38%-თვის ტურიზმი წარმოადგენს შემოსავლების ძირითად წყაროს, ხოლო 83%-თვის კი ერთ-ერთს ხუთი ძირითადი სახის შემოსავლებიდან. საქართველოც მომსახურებათა ექსპორტიორი ქვეყანაა, რაშიც ტურიზმის ხვედრითი წილი 60%-ს შეადგენს, მიუხედავად ამისა ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის ხვედრითი წილი მაინც დაბალია.

ექსპერტთა აზრით, ყოფილ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში (მაგ. საქართველო, ყირგიზეთი, მოლდავეთი და სხვა) ტრადიციულ ტურიზმში უპირატესობა ენიჭება დასვენების, მოგზაურობებისა და ახალი შთაბეჭდილებების რეკრიაციულ მნიშვნელობას, რაც ერთ-ორად ზრდის ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი რეკრიაციული პოტენციალის  როლსა და მნიშვნელობას. საქართველო ულამაზესი ბუნებისა და კურორტების ქვეყანაა (გააჩნია 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილი) - საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობითა და უნიკალური კლიმატური პირობებით, კულტურულ-რელიგიური, არქეოლოგიური, არქიტექტურული  პოტენციალით (12000 ძეგლი), ხელუხლებელი ლანდშაფტებით - ეკოლოგიურად ადაპტირებულ დაცულ ტერიტორიებთან ერთად (რომელიც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 7%-ს შეადგენს და რომელთა 75% ტყეებითაა დაფარული), მრავალფეროვანი ბუნებითა და უმაღლესი მთებით. ქვეყნის ტერიტორიის 85%-ზე მეტი მთებშია გაბნეული. რეგიონები მდიდარია მჟავე და სამკურნალო მინერალური წყლებით (მათი რიცხვი 2400 აღწევს, აქედან 2000-ზე მეტი აღრიცხული და შესწავლილია). ტურისტულ და სამოგზაურო კომპანიებს შეუძლიათ ტურისტებისათვის ისეთი შემეცნებითი ტურების შეთავაზება, როგორიცაა ისტორიული ძეგლებისა და არქეოლოგიური მხარეების მონახულება, 5000 მ. სიმაღლის პიკებზე ასვლა, თევზაობა მთის მდინარეებში, კარსტრული მღვიმეებისა და უძველესი საცხოვრებელი ადგილების დათვალიერება, ადგილობრივი რეცეპტებით, ტრადიციებით მდიდარი სამზარეულოსა და ღვინის დაწურვის (რომელიც ეფუძნება ყურძნის 500-ზე მეტი ადგილობრივი და უნიკალური ჯიშის მოყვანას) ტრადიციების გაცნობა, სადეგუსტაციო ექსკურსიების ორგანიზება (მთავრობის ოფიციალური საიტების მონაცემებით, იუნესკომ სულ ახლახან `ქართული ღვინის ქვევრი და ტექნოლოგია~ საოცრებათა ნუსხაში შეიტანა). აგრეთვე,  ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებსა და სოფლებში მთის ტრადიციულ დღესასწაულებზე დასწრება და ა. შ..

ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, რომელიც ცდილობს ქვეყანაში ტურიზმის, როგორც მომსახურების სფეროს განვითარებას, აუცილებლად უნდა გაერკვეს და გამოავლინოს თავისი ქვეყნის ტურისტული  და ტურმომსახურების განვითარების საერთო, ზოგადი ტენდენციები და კანონზომიერებანი; უნდა იპოვოს ის სპეციფიკური თავისებურებანი, რომელიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი და ქვეყანას სხვა ქვეყნებისგან განასხვავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ვერ შეძლებს წარსდგეს ტურისტულ  ბაზარზე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა ფინანსური რესურსების მწვავე დეფიციტით ხასიათდება და ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ეკონომიკაში ეფექტიანი, მაღალმომგებიანი დარგების   განვითარებაა, მაშინ ტურიზმის, როგორც მომსახურების სფეროს განვითარება, ხელს შეუწყობს ქვეყანის ეკონომიკურ ზრდას, სავალუტო შემოსავლებისა და დასაქმების გადიდებას, ეროვნული ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობათა მსოფლიო ასპარეზზე გატანას, პოპულარიზაციას და მათი შენარჩუნების ფინანსურ უზრუნველყოფას.

ბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება გვინდა დავუთმოთ ეკონომიკის და კერძოდ, მომსახურების სექტორის ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგს, რომლის განვითარებაც, ჩვენი აზრით, მთელი ეკონომიკის განუხრელი წინსვლის უმნიშვნელოვანესი პირობაა – განათლებას და მეცნიერებას. მეცნიერების განვითარება ეკონომიკის განვითარების საფუძველთა საფუძველია.

რამდენად გააზრებულია განათლების მნიშვნელობა ქვეყანაში, ამაზე წარმოდგენას საბიუჯეტო ხარჯებიც იძლევა. დღეს განათლების დაფინანსების წილი მშპ-ში 3,2%-ია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად განვითარებული ქვეყნები მშპ-ს მინიმუმ 4%-ს ხარჯავენ.

სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯების ცალკე განხილვა შეუძლებელია უმაღლეს განათლებაზე კერძო დანახარჯების განხილვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ქვეყნების უმრავლესობის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების თანახმად, წახალისებული უნდა იქნეს უმაღლესი განათლების კერძო წყაროებიდან დაფინანსება, ამ ქვეყნებში უმაღლესი განათლების დაფინანსების ხარჯების უდიდესი წილი მაინც სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის. საშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებში მთლიანად უმაღლეს განათლებაზე გაღებული დანახარჯების 79.9% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სკანდინავიურ ქვეყნებში, ეს რიცხვი 90%-ს აღემატება. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების უმრავლესობა, რომელშიც ეს მაჩვენებელი 70%-ზე დაბალია, ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებია (პოლონეთი, ლიტვა, ბულგარეთი, ლატვია და კვიპროსი). თუმცა, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 55%-ზე დაბალი არ არის. რაც შეეხება სხვა განვითარებულ ქვეყნებს, რიგ მათგანში ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში და მთლიანი დანახარჯების დაახლოებით მხოლოდ მესამედს შეადგენს (გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები).

2014 წელს საქართველოში განათლების სექტორის დაფინანსების სტრუქტურა განათლების საფეხურების მიხედვით ასე გამოიყურებოდა: ზოგადი განათლება (69.4%), უმაღლესი განათლება (12.6%), პროფესიული განათლება (2.1%), განათლების სფეროს დამხმარე მომსახურება (3.1%) და სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა (12.9%), რაც 2013 წელთან შედარებით გაზრდილია, როგორც, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების ზოგადი მონაცემების მხრივ (16.4%; 28.7 მლნ. ლარი), პროფესიულ (55.6%; 5.2 მლნ. ლარი) და უმაღლეს (13%; 10 მლნ. ლარი) განათლებაზე, ასევე განათლების სფეროს დამხმარე მომსახურებასა (15.7%; 2.9 მლნ. ლარი) და ამ სფეროში სხვა არაკლასიფიცირებულ საქმიანობაზე (31%; 20.9 მლნ. ლარი) გაწეული ხარჯები.

მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის მაჩვენებლები ყოველწლიური ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა 2006 წელს 332.6 მლნ ლარიდან 2015 წელს 840.8 მლნ ლარამდე გაიზარდა (ყველაზე დაბალი პროცენტული ზრდა – 4.5% 2011 წელს, ყველაზე მაღალი – 17% კი 2009 წელს დაფიქსირდა და განათლების სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტი 2012 წლის მაჩვენებელს 31%-ით აღემატება [8]) საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სფეროს დაფინანსება მაინც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ისე ევროკავშირის ახალი წევრი-ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებს.

 ბოლო ათწლეულის მანძილზე ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფოს ხარჯების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 2-ჯერ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში – თითქმის 1,5-ჯერ ნაკლებია [13].

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ პოსტკომუნისტურ პერიოდში ქართული მეცნიერება სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. კატასტროფულადაა შემცირებული მოთხოვნა მეცნიერულ-ტექნიკურ დამუშავებებზე, მაღალკვალიფიციურ სამეცნიერო შრომებზე. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა მკვეთრად ჩამორჩება არა მარტო მსოფლიო დონეს, არამედ საკუთარ მაჩვენებლებსაც გარკვეული პერიოდის წინ.

ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბება კი შეუძლებელი იქნება უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის გარეშე, განათლების დაფინანსების გაზრდის გარეშე, განათლების სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე. ასევე აუცილებელია, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობით. სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს საკანონმდებლო ცვლილებები,  ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის საფუძველზე  და, ამავე დროს, მკაფიოდ განსაზღვროს შესაბამისი ფინანსური რესურსები.  Aასევე უნდა განისაზღვროს ქვეყნის სამეცნიერო პრიორიტეტები და უზრუნველყოფილი იქნეს დოქტორანტურის ინტერნაციონალიზაცია მიზნობრივი დაფინანსების გზით. უნდა დაიგეგმოს მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების სტაბილური გადიდება.

წინა ხელისუფლების პერიოდში, როგორც მეცნიერ-მუშაკთა, ისე სამეცნიერო დაწესებულებათა რაოდენობა მრავალჯერ შემცირდა. მიუხედავად ამისა, არსებული მდგომარეობის გამოსწორების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა მოწინავე პოზიციებით მეცნიერების მრავალ დარგში და აქ ჯერ კიდევაა შენარჩუნებული გარკვეული მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალი. საქართველოში მეცნიერება ჯერაც არსებობს და დღეს ჩვენს ქვეყანას, განსხვავებით ზოგიერთი ე.წ. “ახალინდუსტრიული” ქვეყნისაგან (ჩინეთი, ჰონ-კონგი, სინგაპური, ტაივანი), სადაც მხოლოდ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო მეცნიერების როგორც დარგის ჩამოყალიბება, ესაჭიროება არა იმდენად მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალის შექმნა, არამედ არსებულის განვითარება. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებული ინტელექტუალური და მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალი მყარი საფუძველია არა მარტო მეცნიერების, როგორც მომსახურების სექტორის, ჩვენი აზრით, წამყვანი დარგის განვითარებისათვის, არამედ საქართველოს ეკონომიკის ფეხზე დადგომის, გაძლიერებისა და განუხრელი წინსვლისათვის უახლოეს მომავალში. ეს ყოველივე სახელმწიფოს პრეროგატივაა, რამდენადაც გარდამავალი ეკონომიკის მქონე ნებისმიერი ქვეყნის და, რა თქმა უნდა, საქართველოს შემდგომი განვითარებისათვის, სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და გამართლებული პრიორიტეტების შერჩევა მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება.

დასკვნა

• სახელმწიფო უნდა წარმართავდეს და აკონტროლებდეს მომსახურების სფეროს განვითარებას, რადგანაც შიდა ბაზრის რეგულირების ღონისძიებათა საფუძველში ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტერესები ძევს: ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმება, ეროვნული თავდაცვის ინტერესები, შიდა კაპიტალდაბანდებათა ზრდის სტიმულირება, მეცნიერების განვითარება, ეროვნული კულტურული სიმდიდრის შენარჩუნება და ა.შ. ისინი სახელმწიფოს მიერ მიმართული უნდა იქნენ მომსახურების სტანდარტების შემუშავებისა და ხელშეწყობისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებში, როგორიცაა: მედიცინა, განათლება, მეცნიერება; უნდა ემსახურებოდეს შიდა ბაზრის დაცვის საქმეს უცხოური კონკურენტებისაგან და ასტიმულირებდნენ მომსახურებათა ექსპორტს.

• საქართველოში მნიშვნელოვნად უნდა განვითარდეს საქმიანი მომსახურების შედარებით ახალი ფორმა – MICE (შეხვედრები, წამახალისებელი ტურები, კონფერენციები და გამოფენები) ტურიზმი და გახდეს ქვეყნის ახალი ტურისტული რეგიონების ათვისების გზა. ამ რეგიონებში ბრენდული სასტუმროების გახსნამ (რომელთაც გააჩნიათ საკუთარი საკონფერენციო, საგამოფენო დარბაზები, ბიზნეს კლუბები, სპორტული დარბაზები და ა.შ.) და სხვა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა ხელი უნდა შეუწყოს MICE ტურიზმის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას.

• ნებისმიერმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც, რომელიც ცდილობს ქვეყანაში ტურიზმის, როგორც მომსახურების სფეროს განვითარებას, აუცილებლად უნდა გამოავლინოს თავისი ქვეყნის ტურისტული და ტურმომსახურების განვითარების ზოგადი, საერთო ტენდენციები და კანონზომიერებანი; ასევე უნდა იპოვოს ის სპეციფიკური თავისებურებანი, რომელიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი და ქვეყანას სხვა ქვეყნებისგან განასხვავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ვერ შეძლებს წარსდგეს ტურისტულ  ბაზარზე.

• ინტერნეტ მომსახურების განვითარების მხრივ საქართველო მიიჩნევა რეგიონულ ლიდერად. ამ პოზიციების შენარჩუნების და კიდევ უფრო სწრაფი წინსვლის მიზნით საქართველოში უნდა აღმოიფხვრას ე. წ. `ციფრული დაშორება~ ანუ ინტერნეტი თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ქვეყნის ყველა რეგიონისათვის, ასევე აღმოიფხვრას ისეთი დაბრკოლებები, როგორიცაა: მაღალი ფასები, მომსახურების დაბალი ხარისხი, შეუფერებელი ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით სოფლებში.

• ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბება შეუძლებელი იქნება უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის გარეშე, განათლების დაფინანსების გაზრდის გარეშე, განათლების სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე. ასევე აუცილებელია, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობით. სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს საკანონმდებლო ცვლილებები,  ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის საფუძველზე  და, ამავე დროს, მკაფიოდ განსაზღვროს შესაბამისი ფინანსური რესურსები.  Aასევე უნდა განისაზღვროს ქვეყნის სამეცნიერო პრიორიტეტები და უზრუნველყოფილი იქნეს დოქტორანტურის ინტერნაციონალიზაცია მიზნობრივი დაფინანსების გზით. უნდა დაიგეგმოს მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების სტაბილური გადიდება.

• ეს ყოველივე სახელმწიფოს პრეროგატივაა, რამდენადაც გარდამავალი ეკონომიკის მქონე ნებისმიერი ქვეყნის და, რა თქმა უნდა, საქართველოს შემდგომი განვითარებისათვის, სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და გამართლებული პრიორიტეტების შერჩევა მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება.

• მომსახურების სფეროს განვითარებისათვის აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბება ამ ბიზნესებსა და სახელმწიფოს შორის.

გამოყენებულილიტერატურა:

1.     აბესაძე. 2006. ეკონომიკური განვითარება. თბილისი: “მერიდიანი”.

2.     ასათიანი., პაპავა., მესხია. დასხვა, 2012. საქართველოს ეკონომიკა, თბ.

3.     ქისტაური. მელაშვილი., 2009. ინოვაციური განვითარების აუცი-ლებლობა საქართველოში, სამეცნიერო შრომების კრებული. თბილისი.

4.     ჩიქავა., 2008. ინოვაციური ეკონომიკა. თბილისი “სიახლე”.

5.     ყიფიანი., 2009. მომსახურების ბიზნესის ადმინისტრირება. თბილისი: “სიახლე”.

6.     Доля услуг в мировом ВВП ( по данным Всемирного банка)

   http://studall.org/all-98582.html

7.     საქართველოს ეროვნული ანგარიშები (სტატისტიკური კრებული) 2008-2015.

8.     საქართველოში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები მკვეთრად ...

          agrokavkaz.ge/.../saqarthveloshi-internet-reklamaze-danakharjebi-...

9.     სახელმწიფო ბიუჯეტი 2015.

10.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. წლიური ანგარიში 2015.

11.    2003 წ. – ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო, 2004-2014 წწ. –

12.    ელექტრონული მმართველობა საქართველოში: მსოფლიო ...

                https://idfi.ge/.../e-governance-in-georgia-world-tende...

13.    OECD, 2009; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 2012.

14.    საქ საგადამხდელო ბალანსი 2014.

15.    საქართველოს ტურიზმის სტატისტიკის სამსახური 2014.

16.    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ...

www.mes.gov.ge/uploads/strategia..pdf

17.    უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული ...

       erasmusplus.org.ge/.../Strategic%20Development%20...

18.    . ქველაძე., ტურისტული მომსახურების განვითარების ზოგიერთი ასპექტი ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკაში, თსუ, პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, აკადემიკოს პ. გუგუშვილის დაბადებიდან 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციის მასალების კრებული, 2015 წ.

19.    . ქველაძე, . ქისტაური, . მელაშვილი., საინფორმაციო გარემოს განვითარების ასპექტები საქართველოს ეროვნულ ეკონომიკაში, თსუ, პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციის მასალების კრებული, 2015

20.    . ქისტაური. მელაშვილი მომსახურების სფეროს განვითარების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე. ეკონომიკის აქტუალური პრობლემები თანამედროვე ეტაპზე. საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თბილისი 2010წ.

21.    ტურიზმის ეროვნული სააგენტო MICE ტურიზმის - ghn.ge      www.ghn.ge/print.php?print=46815